„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია
05-07-2022

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- მასშტაბური საინვესტიციო პროექტი, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში მიწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა. 

ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

„წყალტუბო არის ჩვენი უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. სამწუხაროდ, 90-იან წლებში კურორტმა თავისი დიდებულება დაკარგა, ამ პერიოდში  ბევრი რამ განადგურდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და იმგვარად აღვადგინოთ, რაც წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს ნამდვილად დაუბრუნებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში სახელმწიფოს გასაყიდად გამოაქვს წყალტუბოში მდებარე 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე  უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს. წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს  არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ დასვენების უმაღლეს ხარისხს, ეკოლოგიას და ბუნების ძეგლებს.

  • საინვესტივიო შეთავზების ელექტრონული კატალოგი - https://bit.ly/3yFTQgf

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©